სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო დემონსტრანტებს სერბეთის მმართველი პარტიის, „სერბეთის პროგრესიული პარტიის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 13 აგვისტოს მათ ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ფეიერვერკები და ფეთქებადი ნივთები ესროლეს.
ძალადობრივი დაპირისპირება მეორე დღეა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით 12 აგვისტოდან დაიძაბა.
სპეცრაზმმა ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
13 აგვისტოს ღამით სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პრესკონფერენცია სერბეთის შს მინისტრთან, ივიცა დაჩიჩთან ერთად გამართა და თქვა, რომ დაპირისპირების დროს 16 პოლიციელი და მმართველი პარტიის 60-მდე მხარდამჭერი დაშავდა. მათ „არეულობის ორგანიზებაში უცნობი უცხოური ძალები დაადანაშაულეს“ და „დამნაშავეების დაპატიმრების“ პირობა დადეს.
ვუჩიჩმა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს „ხულიგნები“ უწოდა. მედია წერს, რომ სერბეთის ხელისუფლება პროტესტში ჩართულ ადამიანებს ასე ხშირად მოიხსენიებს. ვუჩიჩმა მათ ასევე უწოდა „ტერორისტები“.
„როიტეის“ ცნობით, კერძო ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესვრიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები ანტისამთავრობო დემონსტრანტებს ფეიერვერკებს და ფეთქებად ნივთებს. ტელევიზიამ ასევე აჩვენა ანტისამთავრობო დემონსტრაციების წევრები, რომლებსაც სახე დასისხლიანებული ჰქონდათ და ამბობდნენ, რომ ვუჩიჩის მხარდამჭერებმა მათზე თავდასხმისთვის ჯოხები და ხელკეტები გამოიყენეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მომხდარში დამნაშავეები პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდამჭერები არიან.
სტუდენტებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არიან, გუშინდელი დარბევის შემდეგ კვლავ გამოვიდნენ მმართველი პარტიის ოფისებთან საპროტესტო აქციების გამართვის ინიციატივით როგორც ბელგრადში, ისე სერბეთის სხვა ქალაქებში.
სერბეთში პროტესტი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ნგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომიტინგეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.