სერბეთთან დაძაბულობის შემდეგ კოსოვოს მთავრობამ სერბებისთვის დაწესებული რეგულაციები გადადო

პუბლიკა

სერბეთის საზღვარზე დაძაბულობისა და მოლაპარაკებების შემდეგ კოსოვოს მთავარობამ გადადო გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბულ მოსახლეობას სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებდა.

კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სანომრე ნიშნებზე ახალი რეგულაციის აღსრულებამდე, სერბებს 60-დღიანი პერიოდი მიეცემათ, რომ კოსოვოს სანომრე ნიშნები აიღონ. კოსოვო ამ რეგულაციის შემოღებას გასულ წელსაც ცდილობდა, მაგრამ მაშინაც სერბული მოსახლეობის პროტესტის გამო გადაიდო მისი იმპლემენტაცია.

კოსოვს მთავრობამ ასევე გადადო მეორე რეგულაციის აღსრულება, რომელიც სერბეთიდან კოსოვოში შესვლის მსურველებს 1 აგვისტოდან დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას ავალდებულებდა ნებართვის მისაღებად. პრიშტინაში აცხადებენ, რომ ახალი წესი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ეს გადაწყვეტილება კოსოვოს მთავრობამ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

თავის მხრივ, კოსოვოში მყოფი NATO-ს ძალების მეთაურობასა და სერბეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკან დაიხია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც და განაცხადა, რომ საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია.

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე სიტუაცია განსაკუთრებით გუშინ დაიძაბა. კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა გადაკეტეს სერბეთისა და კოსოვოს დამაკავშირებელი გზები და დაიწყეს პროტესტი. პრიშტინამ საპასუხოდ სერბულ დასახლებებში პოლიცია და სპეციალური რაზმების დანაყოფები გაგზავნა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა.

სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო კოსოვოს მხრიდან თავდასხმა და სერბეთში სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო. ისმოდა სროლის ხმები სერბეთისა და კოსოვოს სასაზღვრო დასახლებებშიც.

მობილიზაცია დაიწყეს პრიშტინაშიც, მათ შორის, მაღალი საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა კოსოვოში მყოფ NATO-ს კონტიგენტშიც.

„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები სერბი ხალხის წარმომადგენლებთან კოსოვოდან და მეტოხიიდან. შევეცადოთ გადავარჩინოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ვუჩიჩმა წუხელ ვიდეომიმართვისას, მაგრამ დაამატა, რომ თუკი დაიწყებოდა სერბების მკვლელობები კოსოვოს ტერიტორიაზე, ამას სერბეთი არ მოითმენდა.

მოგვიანებით, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოწოდებისას კი ვუჩიჩმა მოუწოდა დასავლეთს, რომ ზეგავლენა მოახდინონ კოსოვოს ხელისუფლებაზეც და დაიცვან მშვიდობა.

სიტუაციის დეესკალაციას დღეს მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჯოზეფ ბორელი. ევროკავშირმა სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენლებს მოლაპარაკებების გამართვაც შესთავაზა.