რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველო 3+3 ფორმატს შეუერთდეს.
ამის შესახებ მან თეირანში პლატფორმის ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველა თანხმდება, რომ ჩვენს ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზებიც, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით, თავს იკავებს. ვაფასებთ, რომ თბილისი არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას, სამომავლოდ (როგორც ჩვენ გვესმის). ყველა შემთხვევაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებები გამომდინარეობს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს. ეს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ 3+3 ფორმატი სრულფასოვნად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამოქმედდეს”. – თქვა სერგეი ლავროვმა.
3+3 ფორმატზე ლაპარაკი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო – შესაბამისი ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი, რეფეჯ თაიფ ერდოღანი გამოვიდა.
ფორმატი გულისხმობს „რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნას „თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.
საქართველომ მაშინ განაცხადა, რომ არ აპირებს, პლატფორმას შეუერთდეს. ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, მეორე – 2023 წლის 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში. საქართველო არც ერთ მათგანს არ დასწრებია.