აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი, აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „არ არის საჭირო, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვოთ და აუცილებელია, ვეძებოთ მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები“.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ეს სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინსაუბრისას განაცხადა. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიას შეკითხვებს უპასუხებს.
„მე არაერთხელ მილაპარაკია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ, თუ არის პრობლემა, პირველ რიგში, ამაზე უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებიც ერთმანეთს არ შებრძოლებიან. ამის მაგალითია მთელი ევროპა“. – თქვა სერგეი შამბამ.
მისივე თქმით, ბევრი როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან კვლავ აგრესიულია.
„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის. თუმცა, ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელი. ამ დროში შესაძლებელი იქნებოდა, როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ. მაგრამ ეს ნელ-ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორმე დაიწყოთ წინსვლა პრობლემის მოგვარებისგენ. მე მაინც ამის მომხრე ვარ“. – განაცხადა მან.
სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „აუცილებელია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენება“.
„ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით, განსაკუთრებით, ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“. – თქვა სერგეი შამბამ.
შეხვედრაზე მისი ეს პოზიციები ვახტანგ ყოლბაიამაც გაიზიარა.
ყოლბაიას მოგვიანებით „ფორმულა” დაუკავშირდა. მან ტელეკომპანიის ჟურნალისტს უთხრა, რომ 30 წლის შემდეგ ეს იყო მისი პირველი კომუნიკაცია სერგეი შამბასთან.
„ლაპარაკი იყო ძალიან მოკლე. 30 წელია, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ, პრაქტიკულად, პირველად მოხდა ასეთი პირისპირ შეხვედრა ონლაინრეჟიმში და დამიდასტურა, რომ შესაძლებელია პირდაპირი დიალოგი. ჩვენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზეც ვლაპარაკობთ. როცა ლაპარაკია დიალოგზე, მოიაზრება ყველაფერი, რაც არის მტკივნეული და რაც არის შესაძლებელი”. – თქვა ვახტანგ ყოლბაიამ „ფორმულასთან” საუბრისას.