იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ნიკოლოზ მარსაგიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დაინიშნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო, რომელიც, მისი შეფასებით, ცუდ საქმეს აკეთებდა სასამართლო სისტემისთვის. ჯანეზაშვილის შეფასებით, პრობლემური საკითხია მისი ამ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა.
„ის იყო იმ გარიგებების, პროცესების და მანკიერი პრაქტიკის მონაწილე, რასაც იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უმრავლესობა ახორციელებდა. სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო და ერთ-ერთი ისეთი პირი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემისთვის. ამიტომ, გარდა იმისა, რომ დანიშვნის პროცესია პრობლემური და მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ის, ფაქტობრივად, სრულყოფილად იქნება სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე პრობლემურია ეს პერსონა, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ის სულაც არ არის ყველაზე გამორჩეული მოსამართლე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლო ყველაზე დიდი და დატვირთული სასამართლოა მთელს ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მეთოფიშვილი ამ დრომდე, 9 მარტის გადაწყვეტილებით, მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.
სერგო მეთოფიშვილი ერთ-ერთი მოსამართლეა, იმ „სასამართლო კლანიდან“, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ.
სერგო მეთოფიშვილის საჯარო გამოსვლებიდან აღსანიშნავნია მისი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, განსაკუთრებით საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისა და საბჭოში მისი ყოფნის დროს, ანა დოლიძის მიმართ. გარდა ამისა, მეთოფიშვილი აკრიტიკებს და პოლიტიზირებულს უწოდებს არასამთავრობო სექტორს (მაგალითად, ეკა გიგაურს) და სასამართლოს არსებული სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს, მათ შორის, აკრიტიკებდა ეკა ბესელიასაც.