სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გაბუნიას თქმით, გაზრდილი მობილობა მოქმედებს ვირუსის გავრცელების იმ მასშტაბზე, რაც არის ქვეყანაში და აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობის გაძლიერება.

„ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედეულებები ამ საკითხთან მიმართებით და არ შემიძლია, გვერდი ავუარო ამ საკითხს დღეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. გვაქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოხდა, მაგალითად, ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც სჭირდებოდა მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, რომ ეს რთული გზა გაევლო. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 48 615 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, გარდაიცვალა 53 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%