სერიოზული ბრალდებებია. მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს – დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

პუბლიკა

„ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ  არ მისცემს საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. არსებობს სანქციები, მასზე ზეწოლის მიზნით და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული და ერთიანი. მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ამ ზეწოლას შედეგი მოჰყვეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა დეგნანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გამორიცხავს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, თუკი არ მიიღებენ საქართველოსგან მტკიცებულებას, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ ეხმარება.