სერიოზული განხილვა მიმდინარეობს, შეგვიძლია თავის დაცვა თუ დიდი ალიანსის ნაწილი უნდა გავხდეთ - სანდუ

პუბლიკა

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნატოში პოტენციური გაწევრების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ განხილვის საგანია მიიღონ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები. მოლდოვა ამ დრომდე კონსტიტუციით გარანტირებულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

„ახლა სერიოზული განხილვა მიმდინარეობს… ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე, ჩვენ თვითონ შეგვიძლია თავის დაცვა თუ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი უნდა გავხდეთ… და თუ გარკვეულ მომენტში მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გვესაჭიროება ნეიტრალიტეტის შეცვლა, ეს დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს“, – განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა და მას არ დაუწყია ომი მეზობლების წინააღმდეგ.

„რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მოსახლეობის ნაწილის დარწმუნება, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, არ უნდა ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერს აკეთებ და არ გაქვს საკუთარი თავის დაცვის უნარი, რაც არასწორია“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.