სესხები 30%-ში და პენსიონერების ძარცვა - ანა დოლიძე პენსიონერებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი, ანა დოლიძე დღეს „ლიბერთი ბანკთან“ მივიდა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ბანკი პენსიონერებს, რომლებსაც ისედაც დაბალი პენსია აქვთ, სესხს  30%-ად აძლევს.

„ჩვენს ქვეყანაში ყვავის მონოპოლიები და კარტელური გარიგებები. ერთ-ერთი მაგალითი მონოპოლიისა, რომელიც ყვლეფს ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეებს, არის ლიბერთი ბანკი და მისი ურთიერთობა პენსიონერებთან.

ჩვენი პენსიონერების ნახევარს აქვს სესხი. პენსიონერები საკუთარი პენსიის, რომლის თითოეულ ლარს ითვლიან, ნახევარზე მეტს  ამ ბანკში ტოვებენ.

ლიბერთი ბანკს გაცემული აქვს საპენსიო სესხები 30%-ად და მეტად, მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არის ბევრად ნაკლები. პენსიონერების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომლებიც უწვრილესი შრიფტით უწერიათ მათ ხელშეკრულებაში და ძირითადად, ამის გამო ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას. ის რჩება მოტყუებული, როცა, ხშირ შემთხვევაში, წლების შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი სესხი კვლავ დაუფარავია.

ამ სიტუაციაზე არაფერს ამბობს ეროვნული ბანკი, რომლის მოვალეობაა, გააკონტროლოს ამგვარი სიტუაცია. არავინ არ იღებს ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უპირატესობა ლიბერთი ბანკს მიღებული აქვს ყოველგვარი ტენდერის გარეშე. ის ერთადერთი მონოპოლისტია ამ სფეროში, რაც  ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს დაუშვებელი, რადგან გამოიხატება პენსიონერების ძარცვაში“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, პენსიონერებს ისინი გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას და სესხის აღების დროს მის პირობებში გაარკვევენ. ამისათვის კი პენსიონერებმა მათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. მოძრაობა „ხალხისთვის“ ცხელი ხაზია: 579 18 37 81.