სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, გარდა რესტორნებისა, შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.

დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად, იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და  ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.