სეუ-ში პროტესტის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ შენობაში არ უშვებენ

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის პირდაპირი ეთერიდან ირკვევა, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტთა ნაწილს შენობაში არ უშვებენ.

სეუს სტუდენტები მე-10 დღეა, უნივერსიტეტის შენობაში, აუდიტორია 3/04-ში რჩებიან. სტუდენტები მოითხოვენ, სეუს სტუდენტის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა დააფიქსიროს პოზიცია და შეხვდეს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ რექტორი ამ დღეებში შენობაში არაერთხელ შენიშნეს, თუმცა ის სტუდენტებს არ ხვდება.

როგორც სეუს ერთ-ერთმა სტუდენტმა დავით დანელიამ განაცხადა, დაცვა სტუდენტების ნაწილს შენობაში აღარ უშვებს. მისი განმარტებით, მიზეზად სახელდება ის, რომ პროტესტში მონაწილე ზოგ სტუდენტს აქტიური სტატუსი ჯერ არ აქვს, იმის მიუხედავად, რომ მათი სწავლის გადასახადი „ნანუკას ფონდმა“ გადაიხადა. დანელია ამბობს, რომ არ უშვებენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებსაც. ეს კომენტარი მან TV პირველის ეთერში გააკეთა.

სეუს სტუდენტური მოძრაობის პირდაპირ ეთერში სტუდენტებს დაცვამ განუმარტა, რომ უნივერსიტეტში ბოლო ლექცია 23:00-ზე სრულდება და ამის შემდეგ პირებს შენობაში შესვლა აღარ შეუძლიათ. სტუდენტები ითხოვენ, თავისი ნივთების გამოტანის საშუალება მაინც მიეცეთ.

ამ დროისთვის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გრძელდება.