სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - გაბუნია

პუბლიკა

„როგორ წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა“, – განმარტავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მისივე განცხადებით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და დაბალი ტემპერატურის დროს, სხვადასხვა დამწევი მედიკამენტის მიღება.

„ასეთ დროს, შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ, თუნდაც, სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ. გასული 2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვქონდა რეკომენდაცია, სატელეფონო კონსულტაციები გაეცათ. ახლა კი, როცა ყველაზე დაბალია COVID-19-ის გავრცელება, ექიმი, შესაბამისი ეკიპირებითა და ნორმების დაცვით, მივა ბინაზე, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს დანიშნულებას“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს.

„ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისივე განცხადებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.