„სფეროს“ დაზარალებულები მოითხოვენ, სასამართლომ გივი წულეისკირს პატიმრობა შეუფარდოს

პუბლიკა

„სფერო ჰოლდინგისა“ და „სფერო ინვესტის“ დაზარალებულები მოსამართლისგან მოითხოვენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს გიგა (გივი) წულეისკირს, ვინაიდან, მათი განცხადებით, „გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, ისიც მიიმალოს, ისევე, როგორც მიიმალა „სფერო ინვესტის” დირექტორი გიორგი მურუსიძე“.

პროკურატურამ გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალი 11 ნოემბერს წარუდგინა – უწყება მათ ჩადენილი წინასწარი ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას ედავება. პროკურატურა აცხადებს, რომ მათ მოქალაქეებისგან 12 მილიონამდე ლარი მიითვისეს.

უწყების განცხადებით, დაზარალებულია 244 მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანის, აკაკი ლუკავას თქმით კი, მათი რაოდენობაა 570-ია.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე აკაკი ლუკავამ წაიკითხა დაზარალებულების განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„გთხოვთ, სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ჩვენი პოზიცია, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის, გივი წულეისკირისა და დირექტორი, გიორგი მურუსიძის პატიმრობაში დატოვებასა და შემდგომ საქმის გამოძიებას გულისხმობს.

მიუხედავად არაერთი ჩვენი მცდელობისა, რომ დაეწყოთ დაზარალებულების დაკმაყოფილება და რეალურად მომხდარიყო თანხების ანაზღაურება, ისინი კვლავ თაღლითური სქემით ცდილობდნენ დავეყოლიებინეთ შეთანხმებაზე, რომელიც ასევე ახალ თაღლითურ სქემას ითვალისწინებდა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლის სამართლის საქმე.

ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოეხდინათ მათ ხელთ არსებული ქონებების რეალიზება და დაეწყოთ პირველ რიგში ქირების გადახდა, მათ ამჯობინეს კვლავ თაღლითურად ჩვენთან კომუნიკაცია და მოტყუება, რაშიც ჩვენი მხრიდან მყისიერი უარი ეთქვათ. მოვუწოდებთ გამოძიებას, იქნას თაღლითური დაჯგუფების სხვა წევრებიც მყისიერად გამოვლენილი და დამნაშავეთა წრე გაზრდილი.

გთხოვთ, ბატონო მოსამართლე, არ დაუშვათ ამ ადამიანების გათავისუფლება, რადგან არის საშიშროება, მსგავსად გიორგი მურუსიძისა, გივი წულეისკირმაც სცადოს მიმალვა, ქვეყნის დატოვება”.

რაც შეეხება თაღლითობის სქემას, პროკურატურის თანახმად:

უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხა, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს.

ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხა.

მიუხედავად ამისა, „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა და არც თანხა დააბრუნა, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

„კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს”. – ამბობს პროკურატურა.