„სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, სოფიკო პეტრიაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 თებერვალს დააკავეს „სფერო ინვესტის” კიდევ ერთი წარმომადგენელი სოფიკო პეტრიაშვილი, რომელიც თანხების მოზიდვის პროცესს ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკების გზით უძღვებოდა. 

პროკურატურის ცნობით, გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022-2025 წლებში  ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემისა“ და  ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.

„უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს” – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა 450 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თუმცა თავად არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და 29 მილიონზე მეტ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სოფიკო პეტრიაშვილს ბრალდება  სსსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურა წერს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს დადგენილ ვადებში მიმართავენ. მათივე ცნობით, შესაძლოა გაიზარდოს დაზარალებულ პირთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე,  „სფერო ჰოლდინგისა“ და „სფერო ინვესტის“ მფლობელ გივი წულეისკირსა და ამავე კომპანიის დირექტორ გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ. ორივე მათგანი დაკავებულია. გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს და საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურა ორივე მათგანს წინასწარი ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას ედავება. უწყების თქმით, მათ მოქალაქეებისგან 12 მილიონამდე ლარი მიითვისეს. მათივე თქმით, ამ საქმეში 244  მოქალაქეა დაზარალებული. ერთ-ერთი მათგანის, აკაკი ლუკავას თქმით კი, მათი რაოდენობაა 570-ია.