შაჰინი: ეს კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი

პუბლიკა

საქართველოში შემუშავებული კანონი არ არის აშშ-ში მოქმედი კანონის მსგავსი, ის ჰგავს რუსულ კანონს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი. იგი არის რუსული კანონის მსგავსი. ასევე მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, არ არის თანხვედრაში სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორ დიკ დურბინის განცხადებით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭერით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი არის, ვთქვათ, გამჭვირვალობაზე და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა მთავარი არის ის, რომ ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია“, – განაცხადა სენატორმა დიკ დურბინმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი.