შაჰინი: მარკო რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე

პუბლიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს საქართველოს საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შაჰინი X-ზე ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შაჰინმა და რუბიომ აშშ-ის წინაშე მდგარი არაერთი გლობალური გამოწვევის განხილვის გარდა, ისაუბრეს „საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე”.

„დღევანდელი შეხვედრა სენატორ რუბიოსთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება რუსეთის უსაფუძვლო შეჭრის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარება, განსაკუთრებით სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე უცხოეთში და იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით.

სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, და მოუთმენლად ველოდები ამ საკითხების შემდგომ განხილვას მის დამტკიცების მოსმენაზე”, – აცხადებს ჯინ შაჰინი.