სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა გამოიწვია შეშფოთება საქართველოს შესაძლებლობაზე, „ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
„საქართველოს მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, რომ მათი ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ – ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპია. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტულ ცნობებს შეისწავლის და მათ სერიოზულად მიიღებს“, – განაცხადა შაჰინმა The Hill-თან ინტერვიუში.
გუშინ თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი. წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ნონიაშვილისა და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები, ასევე – ტელეფონები.
ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. სოციალურ ქსელში მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს მისი და მისი ძმის სახლი. ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი, მისი თქმით, მასთან ქოლცენტრები ახსენეს.
გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩატარებული ჩხრეკები უკავშირდებოდა „ქოლცენტრების საქმიანობას”.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. ამასთან უწყებაში არ აღნიშნავენ, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა. „პუბლიკა“ დეტალების გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.