ტყიბულში, ძიძიგურის შახტში 15-მდე მუშა ამ დრომდე რჩება და პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი დამსაქმებლის მიერ ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ. მათ შახტში არ აქვთ საჭმელი, რის გამოც ორო მათგანი შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ ადგილობრივმა მეშახტემ რუსლან ბუცხრიკიძემ უთხრა.
ცოტა ხნის წინ მეშახტეებს შეხვდა ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე გადაწყდა და შახტში მყოფებს საკვებს გაუგზავნან.
დეპუტატი ამბობს, რომ ის ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში მეშახტეებსა და კომპანიის ხელმძღვაელობას შორის.
„გავიგე მათი პრობლემები, შემდეგ ვესაუბრე ადმინისტრაციას და პირველ ეტაპზე, რაც იყო აუცილებელი გადავწყვიტეთ, საკვები ჩაგვეტანა მეშახტეებისთვის, ახლა წავიდნენ ბიჭები და ჩაუტანენ საჭმელს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, მე მათ შევთავაზე მოლაპარაკება, დარწუნებული ვარ ამოვლენ, თუ არადა, სამი კაცი ჩავალთ შახტში და გავმართავთ მოლაპარაკებას. აქ უბრალოდ გაუგებრობაა, “- ამბობს ბეჟან წაქაძე.
დეპუტატის თქმით, შეხვედრა შესაძლოა დღესვე შედგეს ან ხვალ: „თუ ადმინისტრაცია აღმოჩნდება დამნაშავე, ისინი პასუხისმგებელი არიან, რომ აანაზღაურონ ყველა ხელფასი.”