შალუტაშვილი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ეს უფრო გაფრთხილებაა და არა სტატუსის შეწყვეტა

პუბლიკა

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასა და მათ პროტესტზე. ეთერს გუშინ ტელევიზიის შენობასთან მოითხოვდნენ სტუდენტები. საბოლოო გადაწყვეტილებით, თეატრალურის რექტორისა და სტუდენტების ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა.

შეკითხვაზე, რა სამართლებრივი საფუძვლებით მიიღო ეთიკის კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება, რექტორი პასუხობს:

„იქ არის, როგორც მე მახსოვს, დაახლოებით, 10-მდე პუნქტი, რის საფუძველზეც შეუწყდათ სტატუსი. მაგრამ, ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი. მათ აქვთ სრული უფლება, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება, ან დავუშვათ სასამართლოში, ან დაუშვათ, მიმართონ და მომმართონ ამ შემთხვევაში მე, როგორც რექტორს და მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების გადახედვა. […] მე პირდაპირ ვამბობ, რომ მზად ვარ დიალოგისთვის, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი ის დარღვევები, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“.

შალუტაშვილი ამტკიცებს, რომ 3 თვის განმავლობაში  ითვალისწინებდნენ და გაგებით ეკიდებოდნენ სტუდენტების პროტესტს, თუმცა, მისივე თქმით, არ იზიარებენ პროტესტის ფორმას.

ის ამბობს, რომ ფოიე არ არის ადაპტირებული სივრცე ღამის გასათევად, უნივერსიტეტი ვერ გააგრძელებდა მუშაობას, რადგან გაჩნდა პარაზიტები და საჭირო იყო სადეზინფექციო სამუშაოები. რექტორი ამბობს, რომ სტუდენტების ნაწილმა დეზინფექციის ჩატარება ჩაშალა.

მისი თქმით, ეთიკის კომისია ადგენს ფაქტობრივ გარემოებას და საბჭოს წევრებმა იცოდნენ, რომ ვალდებულები იყვნენ, წესდების მიხედვით ემოქმედათ.

რაც შეეხება კითხვას, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს რექტორი, შალუტაშვილი ამბობს, რომ ერთმა სტუდენტმა უკვე მიმართა გასაჩივრების თხოვნით, მასთან ჰქონდა საინტერესო შეხვედრა და კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მზადაა, მისცეს სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალება.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. […] ეს პროცესი დაწყებულია უკვე. გუშინ სადღაც 20-მდე ადამიანი შემხვდა, და მე ძალიან დიდი მზადყოფნა გამოვხატე. რანაირად უნდა მომიბრუნდეს ხელი, რომ მე 4-კურსდამთავრებულ ადამიანს დავუკარგო მთლიანად 4 წელი და 5 წლის მერე ჰქონდეს მხოლოდ უფლება, რომ ჩააბაროს, ეს ადამიანური ტრაგედიაა, მაგრამ მე უნდა მქონდეს საფუძველი. მე თუ საფუძველი არ მექნა, ახსნა-განმარტების სახით, რატომ მოხდა ეს, და მოხდა ეს დანაშაული, ნუ დანაშაული ის არის, რეალურად იქ არის უამრავი პუნქტი და სათითაოდ შეგვიძლია, განვიხილოთ. […] რეალურად, პირდაპირ უნდა გითხრათ, ეს არის უფრო ერთგვარი გაფრთხილება და არა შეწყვეტა. როგორ გითხრათ, ცუდად ჟღერს, ალბათ, იურიდიულ ენაზე. ერთადერთ რამეს ვამბობ, მოვაწესრიგოთ პროტესტი. არ ვამბობ, რომ პროტესტი არ იყოს – არა, შევქმნათ ნებისმიერი ფორმა პროტესტის, რომელიც სასწავლო პროცესს არ შეუშლის ხელს, თუ ამ შეთანხმებამდე მივალთ, მზად ვარ“, – ამბობს შალუტაშვილი და აღნიშნავს, რომ დიალოგს ორი მხარე სჭირდება.