ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ნიკა გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

პუბლიკა

ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, „მთავარი არხის“ წამყვანსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელევიზიის ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.

ავთო ბილანიშვილი ნიკა გვარამიას ქარტიის სამი პრინციპის დარღვევას ედავება. ეს პრინციპებია: პირველი, მესამე და მეთერთმეტე.

ეს ნიშნავს, რომ ბილანიშვილის აზრით – 1. ნიკა გვარამიამ დაარღვია ინფორმაციის სიზუსტე, 2. ამბავი გაავრცელა დადასტურებული წყაროს გარეშე და 3. ეს გააკეთა განზრახ.

„მთავარმა არხმა“  გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენებია, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება  შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, უცნობ პირს, რომელიც მიკროავტობუსიდან ჩამოდის.  ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთი ესაუბრება. „მთავარი არხის“ ვარაუდით, სწორედ ეს ადამიანი იყო ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“.

გვარამიას აზრით, „კაწრო“ ჩართულია შაქარაშვილის საქმის ჩაფარცხვაში და სარგებლობს იმ გავლენით, რასაც მას ბერა ივანიშვილთან მეგობრობა ანიჭებს.

ბილანიშვილი კი ამტკიცებს, რომ საერთოდ არ იცნობს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებს; საქმის შესახებ მეორე დღეს გაიგო; არაფერ შუაში არ არის, არავისთან დაურეკავს და იმ ღამით თავის უბანს არ გასცილებია.

ამ დროისთვის ჟურნალისტურო ეთიკის ქარტია საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, დაუშვებს თუ არა ქარტია ავთო ბილანიშვილის საჩივარს.