პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას კიდევ ერთხელ დაესხა თავს.
მან „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა ვრცელი ტექსტი, რომლის თანახმადაც, პრობლემაა, რომ ქვეყანაში მუშაობენ „მდიდარი NGO-ები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან”. პაპუაშვილს არ მოსწონს „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსის“ 24 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ორგანიზაციებმა მოამზადეს.
ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს 0.63 ქულით. პირველ ადგილზე მოლდოვა, ხოლო მეორე ადგილზე უკრაინაა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს, შესაბამისად, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ინაწილებენ.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „მნიშვნელოვანი კლება იყო ამ ინდექსით განსაზღვრულ თითქმის ყველა თემატურ სფეროში, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება, გარემოსა და კლიმატის პოლიტიკა“ და რომ ერთადერთ გამონაკლისს შეკრების თავისუფლება წარმოადგენს.
შალვა პაპუაშვილი თავისი წერილის დასაწყისში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაწევრების მოლაპარაკებებისთვის ემზადება და „9 ნაბიჯზე“ მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული და რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. მაგრამ, ზოგიერთი სერიოზული საკითხი მოუგვარებელი რჩება”.
კერძოდ, პაპუაშვილის თქმით:
„ზოგიერთი არასამთავრობოს ბოლოდროინდელი ქმედება, ამ თვალსაზრისით, არანაირი პროგრესის ნიშანწყალს არ შეიცავს. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსის“ ბოლო ანგარიში რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახან დაწერეს, უსამართლოდ მიკერძოებული იყო საქართველოს წინააღმდეგ. ორგანიზაციებმა რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ანგარიშის მომზადებაში, მოგვიანებით, „ეროვნული პლატფორმა“ დატოვეს. როგორც ჩანს, „ეროვნულ პლატფორმაში“ ყოფნისას მათი ერთადერთი მიზანი ინდექსის მომზადების პროცესში სიმართლის დამახინჯება იყო. მათი მხრიდან პლატფორმის წევრობის ბოროტად გამოყენება და შემდეგ მისი დატოვება, უბრალოდ, არასწორი იყო, ვინაიდან „ეროვნული პლატფორმა“ ევროკავშირის მიერ აღიარებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ კავშირს წარმოადგენს და ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მნიშვნელოვანი არხია“.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ:
„ეს არასამთავრობოები ახლა „ევროკავშირისკენ 9 ნაბიჯის პროცესით მანიპულირებასაც ცდილობენ და ამბობს, რომ NGO-ებიც „რადიკალი პარტიების მსგავსად იქცევიან – როგორც კი უკმაყოფილონი არიან პროცესის შედეგებით, მაშინვე თავად პროცესს უპირისპირდებიან და ცდილობენ, რომ პროცესი ან ჩაშალონ ან, თუ ვერ ჩაშალეს, მიატოვონ”.
ამასთან, პაპუაშვილი სვამს მისთვის პრობლემურ 2 საკითხს:
- „1. არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ.
- 2. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობები, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე.
- აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ“.
„უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ? საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური შურისგების საშიშროება არ დგას. მეტიც, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ბიზნესიც საკმაოდ ხელგაშლილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და, ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებზე მდიდარია, სხვა მხრივაცაა პრობლემური. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან. პატარა პარტიების მიერ ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი კი მათ პარტიებზე არასათანადო გავლენის ბერკეტს აძლევს. ეს კარგად გამოჩნდა სახალხო დამცველის არჩევისას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. როდესაც არასამთავრობოებმა იგრძნეს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსენსუსი იკვეთებოდა, დახურულ კარს მიღმა დაიწყეს პატარა პარტიებზე წნეხის მიტანა, რომ ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველისთვის ხმის მიცემისაგან. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ არასამთავრობოებს სახალხო დამცველის კანდიდატი თვალში არ მოუვიდათ”.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილისთვის პრობლემაა „უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობა“ – NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობის საბაბით 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება სცადა, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ გაიწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაციებს პოლიტიკურ მიკერძოებაშიც ადანაშაულებს და ასახელებს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც სწორედ ასეთად მიიჩნევს: ISFED და „თავისუფლების ინსტიტუტი“.
გარდა ამისა, ამბობს, რომ ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ პარტია „ევროპული საქართველოს” განშტოებაა, ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნული „თავისუფლების ინსტიტუტი”, ეს კი კონსტიტუციის დარღვევაა.
„ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა „ტაბულა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები „დროა“ და „ხალხისთვის“ პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებს. ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა”.
შალვა პაპუაშვილი ასევე წერს, რომ ეს ორგანიზაციები „ეხმარებიან ოპოზიციას და ამით ხელს უწყობენ რადიკალიზაციას, რათა საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ააცდინონ”.
შალვა პაპუაშვილი მის მიერ წამოჭრილი საკითხებიდან გამოსავლად ისევ ფინანსური გამჭვირვალობის ზრდას ასახელებს, რაც რუსული კანონის სულისკვეთებაა.
„პირველი ნაბიჯი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოა გამჭვირვალების თვალსაზრისით, რასაც ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო სუბიექტი ადასტურებს. 2016 წელს არსებობდა კარგი წამოწყება, როდესაც 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა „გამჭვირვალობის დეკლარაციას“ და ვებპორტალზე cso.ge საკუთარი საქმიანობისა და ფინანსების პერიოდული გამოქვეყნების პირობა დადო (https://shorturl.at/djS25). ზოგიერთი არასამთავრობო, რომლებიც ახლა ეჭვმიტანილნი არიან ზემოთ აღწერილ არაკეთილსინდისიერებაში, ამ პორტალის ადრეულ ენთუზიასტებს შორის იყო. სამწუხაროდ, პორტალი წელიწადზე ნაკლებ დროში მიატოვეს. თუმცა, ახლა ხელს არაფერი უშლის ამ პროექტის აღორძინებას, გარდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილი ნებისა.
პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან. დონორებს, თავის მხრივ, ასევე შეუძლიათ, დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახადონ. არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც ამ მიდგომას ეთიკურ ფარგლებში მოაქცევდა. „დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციაში“ დონორები და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ ერთმანეთის წინაშე. კარგი იქნება, თუ ამ დეკლარაციის სულისკვეთებას გავყვებით.
არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა. 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია გვიჩვენებს, რომ არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე”.