საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილით მიმართავს.
შალვა პაპუაშვილის წერილში ნათქვამია, რომ ის ვენეციის კომისიის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა კანონპროექტებზე, რომელსაც თან ურთავს წერილს.
ეს ის რუსული კანონპროექტებია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა წარადგინეს. ხოლო გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით და დაუგეგმავად კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე განიხილა და I მოსმენით მიიღო. ამას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომელიც სპეცრაზმმა დაშალა.
შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს.
„ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.
ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.