საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ სურს, ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაუროს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, წინა წლებთან შედარებით ფემიციდის შემთხვევები შემცირებულია.
„მინდა, გამოვეხმაურო ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს. ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე შემზარავი ფაქტი იყო. ეს იმსახურებს ყურადღებას, როგორც პარლამენტის, ასევე კანონმდებლობის აღსრულების საკითხებზე.
პარლამენტმა წლების განმავლობაში საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით შეძლო ის, რომ ფემიციდის შემთხვევები, თუკი შევადარებთ, მაგალითად, 2005 წელს, არის სამჯერ ნაკლები, თუ შევადარებთ 2012 წელს – არის ორჯერ ნაკლები. 2016 წელთან შედრებითაც არის კლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ეს ფაქტი არის შემზარავი. მათ შორის თუ სხვა ქვეყნებთან შევადარებთ, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, პარლამენტში შექმნილია ფემიციდთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი. ის ამბობს, რომ პარლამენტი ყურადღებით უნდა იყოს, საკანონმდებლო კუთხით რისი გაკეთება შეუძლია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ფემიციდის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. გუშინ, თელავში 26 წლის ქალი მოკლეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. შსს-ს ცნობით, ქალს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე დღის წინ თელავის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, რომელიც უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობას ითხოვდა.