შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროკომისიის პრესსპიკერს, ანიტა ჰიპერს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ესხმის თავს ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერს, მას „4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის შეგულიანებაში“ ადანაშაულებს, ხოლო მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უწოდებს „პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას“.

პაპუაშვილისთვის მიუღებელია ჰიპერის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებითაც ევროკომისიის პრესსპიკერმა „ქართული ოცნების“ ქმედებები გააკრიტიკა.

მაგალითად, 9 ოქტომბერს ანიტა ჰიპერმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული. ჰიპერმა იგივე თქვა 6 ოქტომბერსაც – ევროკომისიის პრესსპიკერი ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, ასევე თავდასხმებს ევროკავშირის ელჩზე საქართველოში.

პაპუაშვილმა თქვა:

„ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით ორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს 23 სექტემბერს. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მე პირადად ლამის ყოველდღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოვუწოდებდი, განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას. თუმცა, რეაგირება იყო ნული. დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, დამხობა ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუკი იქნებოდა იქ ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო.

ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის მცდელობის შემდეგ პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება.

ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ ის, რომ შეაგულიანა გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის მცდელობას“, – თქვა „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ.