შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არ აპირებენ პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოსთან” მოლაპარაკებების დაწყებას. 

„ლელოს რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათგან ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ეს არის მთავარი პრობლემა, არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკურ დიალოგს მოითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები.

მათ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს თავიანთ თავს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირ იარაღად უცხო ძალების ხელში სამშობლოს წინააღმდეგ. ასე რომ, მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით“, – თქვა პაპუაშვილმა. 

გუშინ, 15 მარტს, პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით,  „აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა“ და დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები  „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

პარტია მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე.

11 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დელეგაცია მოვუწოდებდა პოლიტიკურ პარტიებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ და დაიწყონ პირდაპირი კომუნიკაცია დიალოგის აღდგენის მიზნით, თუმცა, მათივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ ნაშილში მთავრობას აკისრია.