შალვა პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას – ყოფილ პრეზიდენტს, დოდონსა და  ოპოზიციის პრორუს წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა“.

„მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ატარებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენაც უწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფში ასევე გათვალისწინებულები იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები.

„სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ეს სამწუხაროა. პარლამენტებს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც გამოთქვეს წუხილი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას.

არ ვიცი, მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან. მისასალმებელი იქნებოდა, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და არა ხელშეშლა“, – თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ჩამოსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სოციალისტთა პარტიის (PSRM) დეპუტატი ბოგდან ტირდეა.

შემადგენლობაში ასევე შედიან ამავე ჯგუფის წევრები: საპარლამენტო ფრაქციის „დემოკრატია სახლში“ თავმჯდომარე ვასილე კოსტიუკი, სოციალისტთა პარტიის დეპუტატი პეტრუ ბურდუჟა და საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივას“ თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ურსუ.

იგორ დოდონი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტია (2016–2020), რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრად პრორუსული პოზიციებით. ამჟამად ის მოლდოვის სოციალისტთა პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრია.

საქართველოში ჩამოსვლამდე ის მოსკოვში იმყოფებოდა.