„პირველი არხის“ ეთერში „დღის თემის“ წამყვანმა შალვა პაპუაშვილის მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები.
„ჩამოსული იყო ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ანგარიში უნდა წარადგინოს. ერთი ადამიანია და ერთი ასისტენტი ჰყავდა. ერთი კვირის წინ შევხვდით. კითხვები იყო შეეხებოდა სხვადასხვა საკითხს. მე არ ვიცი, ამ ერთ ადამიანს რა კომპეტენცია აქვს, ან ცოდნა ამ საკითხებზე იმსჯელოს.
„მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით რამდენიმე საკითხი აქედანვე ჩანს. ეს არის მცდელობა, ეუთო გამოიყენონ იარაღად საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად. რა არის მათი დღის წესრიგი? საქართველოში მარიონეტული რეჟიმის მოყვანა. ეს ვიცით პირდაპირ. მეორე, ისე უცბად მიიღეს გადაწყვეტილება, რამდენიმე დღეში შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან შეხება არ ჰქონია. დაწყებული კანონიდან, გაგრძელებული უმაღლესი განათლების რეფორმით ყველა საკითხით ინტერესდებოდა და ეჭვი მეპარება, რომ ამ ანგარიშს რაიმე ღირებულება ჰქონდეს, ეს არის განზრახვა, რომ შეკერონ საქმე საქართველოს წინააღმდეგ“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. შეიქმნა ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია ფაქტების დასადგენად, რომელიც ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს.
მისიის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს. მექანიზმი არ აწესებს სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, თუმცა მისი რეკომენდაციები საფუძვლად ედება დიპლომატიურ და პოლიტიკურ რეაგირებას.
ეუთოს ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად. ამ დრომდე ეს მექანიზმი 16-ჯერ გააქტიურდა, საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნული მომხსენებელი საქართველოში თებერვალში ჩამოვიდა. მასთან გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხებზე ისაუბრა.