პაპუაშვილი: შემდეგი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ხელფასი ₾8 000-დან ₾10 000-მდე იქნება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2025 წლის 1 იანვრიდან, გაიზრდება მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დაინიიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურების კანონმდებლობით გათვალისწინებულ კოეფიციენტებს შეესაბამება.

კოეფიციენტები 2017 წელს დადგინდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა დიდი დისპროოპორციაა პარლამენტის წევრების ხელფასებსა და სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებული მოხელეების ხელფასებს შორის, რაც უნდა შეიცვალოს.

„პარლამენტის წევრებს აქვთ არა მხოლოდ სხვა უწყებების თანამდებობის პირებთან, არამედ თავად პარლამენტის აპარატში დასაქმებულ რამდენიმე ათეულ თანამდებობის პირთან შედარებით დაბალი გასამრჯელო”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.