შალვა პაპუაშვილი: ველით, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია ჩაითვლება შესრულებულად 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია 12-ვე რეკომენდაციას შესრულებულად გამოაცხადებს. თუმცა, „მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია ჩაითვლება შესრულებულად”.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვის მიმართ – ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია]”. – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 6 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, მიაღწიონ პოლიტიკურ მიზანს – „ქართული ოცნების” პირობებში არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება. ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ იღებს.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან დაკავშირებით კი მისი „ევროპული პერსპექტივა” აღიარა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.

საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების 15 სექტემბრის შეფასებით: ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

„ფორმულას” გადაცემა „დროების” ეთერში „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტომა, რიკარდ იოზვიაკმა თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიიღებს. თუმცა, გარკვეულ პირობებთან ერთად.

2 ნოემბერს საქართველოში მომუშავე 169 არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილით მიმართა ევროკომისიას, „საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”.