„მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს შალვა პაპუაშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძეც ესხმის. მთივლიშვილს კობახიძე „სამარცხვინო კაცს” უწოდებს. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მთივლიშვილი „თვითგამოცხადებული ჟურნალისტია”.
„ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მთივლიშვილი შოვიდან, სტიქიის ზონიდან ტყუილებს აშუქებდა და „მოსახლეობაში პანიკას თესავდა”. კობახიძის თქმით, გელა მთივლიშვილს „არ აქვს კავშირი ჟურნალისტიკასთან”.
„გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია… ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასა და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს”. – თქვა კობახიძემ.
„მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი შოვის ტრაგედიას პირველივე დღიდან აშუქებდა, ამბობდა, რომ „ოცნების” წევრებს სწორედ ეს არ მოსწონდათ და ამიტომ წამოიწყეს მისი და „მთის ამბების” წინააღმდეგ მსგავსი კამპანია და თავდასხმები.
გელა მთივლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ კომენტარს თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ „მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტია „მთის ამბებს” თავს ესხმის – 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი ჩაატარა და მისივე თქმით, „მთის ამბების” და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ყალბი ამბები გააბათილა“. მთივლიშვილს აგვისტოში კობახიძემ „არაკაციც” უწოდა.
„მთის ამბები“ იყო პირველი, რომელმაც შოვის მეწყრისა და რაჭაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამავე მედიამ გამოაქვეყნა ფოტოები ადგილიდან და ცნობა, რომ ადგილზე ადამიანები სასწრაფოდ შველას ითხოვდნენ. თუმცა, სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე მხოლოდ 3 საათის შემდეგ ჩავიდა.
3 აგვისტოს შოვში მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. ნაპოვნია 32 ცხედარი, ერთს ჯერ კიდევ ეძებენ. შსს-ის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით კი, გარდაცვლილი არავინ იყო და ადგილიდან ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ იყო გამოყვანილი.