შალვა პაპუაშვილმა ილიაუნისთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 23 იანვარს გამოიცა. ბრძანების მიხედვით, საბუთების შეტანის ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 29 მარტიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით.

კონკურსი 2 მაისს დასრულდა. საკონკურსო განაცხადი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა შეიტანა, მეორე ვაკანსია ვერ შეივსო.

როგორც ილიაუნიში განგვიმარტეს, ასოცირებულ პროფესორებს უნივერსიტეტში სამი ან ოთხი წლის ვადით უფორმდებათ ხელშეკრულება. აკადემიური პერსონალის ვადის გასვლის შემდეგ ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც საჯაროა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მაია გამეზარდაშვილის ინფორმაციით, წინა კონკურსი 2020 წელს ჩატარდა და პაპუაშვილი მასში მონაწილეობდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარლამენტის ვებგვერდებზე ატვირთული CV-ის მიხედვით, შალვა პაპუაშვილი სამართლის სკოლაში 2015 წლიდან მუშაობდა. ის კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი იყო. ამ ეტაპზე ილიაუნის ვებგვერდზე მისი პორტფოლიო მიუწვდომელია.

შალვა პაპუაშვილის პოზიციის მოსასმენად „პუბლიკა“ პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მისი მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


რა ხდება ილიაუნის გარშემო

ბოლო პერიოდში პროსამთავრობო მედიების ყურადღება ილიაუნის წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა. 4 მაისს ტელეკომპანია POSTV-იმ კიდევ ერთხელ მოამზადა სიუჟეტი „მაღალჩინოსანი ნაცების თავშესაფრად ქცეული ილიაუნი – ფინანსური სკანდალი“. სიუჟეტის დასაწყისში ჩამოთვლილია იმ პროფესორთა და ლექტორთა სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ანტისახელმწიფოებრივი ნაცები“ არიან. მათ შორის მოხვდნენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ალიკა კუპრავა, კონსტანტინე კუბლაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გია ბუღაძე და სხვა.

სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში პლატფორმა ეთმობა ორგანიზაცია „სტუდენტები სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებს, რომლებიც უნივერსიტეტს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, რექტორმა უნდა განმარტოს, არის თუ არა ის ნასამართლევი.

მათ საპასუხოდ ილიაუნიმ არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. უნივერსიტეტმა ბრალდებებს ვრცელი პასუხი გასცა და გარკვეული დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა.

ილიაუნის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ 2 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული მასალის საპასუხოდ დაწერა, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმას ფინანსური საფუძველი არ აქვს და ეს არის „წინასწარ მომზადებული ფაზა მისი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და უნივერსიტეტის დაზიანებისთვის“.

პროფესორების ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში რექტორზე თავდასხმისთვის გამოიყენეს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია. მათ დობორჯგინიძესა და ილიაუნის მხარდაჭერა გამოუცხადეს.