შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია 3 აპრილიდან დაიწყო და შეიცვლება აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფადაა მიზანშეწონილი.
რეორგანიზაცია დაიწყო შემდეგ სტრუქტურულ ერთეულში:
ა) ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
თ) საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
კ) მანდატურის სამსახური;
ლ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი
ამავე ბრძანებით პარლამენტის აპარატის უფროსს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაევალა აუცილებელი ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა, რეორგანიზაციის გეგმისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი აქტებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტების შემუშავება, თანამდებობათა დასახელებებისა და ადამიანური რესურსის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.