შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დააანონსა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დააინიციირა.

პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურასა და პარლამენტის შინაგან სტრუქტურას.

მოქმედი რეგლამენტი 2018 წელს არის მიღებული. პაპუაშვილის თქმით, ხარვეზებისა და პრაქტიკიდან გამომდინარე, დოკუმენტში შეიტანენ შემდეგ ცვლილებებს:

გაორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა — ინტერპელაცია პარლამენტის დეპუტატის ინსტრუმენტია, კითხვებით მიმართოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს, დაიბარონ ისინი პარლამენტში, რათა კონკრეტული საკითხების ირგვლივ გაიმართოს დებატები.

მოქმედი რეგლამენტით, სესიის განმავლობაში გათვალისწინებული იყო 4 ინტერპელაცია, ახლა კი 8 იქნება, რაც, პაპუაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ინტერპელაცია გათვალისწინებულია ყოველ სასესიო კვირაში.

პაპუაშვილისვე თქმით, მოწესრიგდება ინტერპელაციის შემდეგ დებატების წესი. 

„აქამდე იყო უფრო მონოლოგის რეჟიმი, ფრაქციები გამოდიოდნენ რიგ-რიგობით. ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც ინტერპელაციას დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მიცემს“, – ამბობს „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე განმარტებით, ინტერპელაციის რაოდენობის გაორმაგების გამო დანიშნულებას დაკარგავს მინისტრის საათი, რაც გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრის (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას.

დროებითი კომისიები — საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია დროებითი კომისია საგამოძიებო ფუნქციის გარეშეც. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი არ იყენებდა ამ ინსტრუმენტს და მის ნაცვლად გამოიყენებოდა მუდმივმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევის ჯგუფები და სხვა.

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი რეგლამენტით „დროებითი კომისია უფრო მარტივი, გასაგები და მოქნილი“ გახდება.

„დროებითი კომისია შეიქმნება პარიტეტის პრინციპით — უმრავლესობა და ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობა კომისიაში არ არის უმრავლესობაში. ეს იძლევა საშუალებას, იყოს უფრო პლურალისტური, კონსენსუსზე ორიენტირებული მუშაობა. ის ჩაანაცვლებს მუდმივმოქმედ საბჭოებს“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, გაუქმდება ბავშვთა უფლებების და ღია მმართველობის საბჭოები, უკვე გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო.

„იმიტომ, რომ იყო კომიტეტის მსგავსი და თან კომიტეტიც არ იყო. დაგეგმილი გვაქვს, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია ახალი რეგლამენტით“, – თქვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტში ცვლილებები შეეხება სამუშაო ჯგუფებს — „ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფები ლოჯისტიკურად და ბიუროკრატიულად კომიტეტის საქმიანობას დაემსგავსა.

„არადა, საჭიროა სამუშაო ჯგუფები, საჭიროა, რომ არსებობდეს ფორმატი, სადაც არაფორმალურ, არაოფიციალურ გარემოში ხდება საკითხების განხილვა, ასე ვთქვათ, ხმამაღლა ფიქრის უფლება, სადაც არის საშუალება, სამუშაო ჯგუფმა სამუშაო გარშემო უფრო ხმამაღლა, თამამად ისაუბროს სამუშაო საკითხებზე“, – ამბობს პაპუაშვილი.

მისივე განცხადებით, ახალი რეგლამენტით საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ინსტრუმენტის ეფექტიანობა გაიზრდება.

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მისით სარგებლობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს.

„ბოლო 2 მოწვევის პარლამენტში 700 საკანონმდებლო წინადადება შემოვიდა. აქედან კანონად იქცა 9 წინადადება იქცა. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების 99% უშედეგოა. სისტემა შეიცვლება და საკანონმდებლო წინადადებების ადრესატი, კომიტეტების ნაცვლად, პარლამენტის თითოეული წევრი გახდება, რათა მოხდეს მათი დაინტერესება, რომ შემდეგ წინადადება აქციონ ინიციატივად“, – ამბობს პაპუაშვილი.

ასევე, მისი თქმით, დამკვიდრდება ერთიანი წლიური საქმიანობის ანგარიში.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშთან ერთად მზადდება კომიტეტების ანგარიშებიც, რითაც ხდება პარლამენტის საქმიანობის ანგარიშების დუბლირება. ახალი რეგლამენტით, კომიტეტები იმუშავებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რათა შედგეს ერთიანი ანგარიში“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთლიანობაში, რეგლამენტის ტექსტის 90% უცვლელად რჩება.

ცვლილებების პროექტი „ოცნების“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს, 7 აპრილს გავა, შემდეგ კი გასაჯაროვდება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ახალ რეგლამენტს მაისის ბოლოსთვის მიიღებენ, ძალაში კი 1 ივლისიდან შევა.