შალვა პაპუაშვილმა რადას თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას.

„გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას”, – წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა წერილის ქართულენოვანი ვერსია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო-მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ.

ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. 1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ – 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია.

ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს.

დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ.

ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის. საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას.

ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში – რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში – რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონო თავმჯდომარევ, დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთიანი, და არა დაყოფილი, უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს თანადგომას”, – ნათქვამია წერილში.


უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა 6 მარტ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქართველ დეპუტატებს მიმართავს და რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების შერბილების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“გამარჯობა, გენაცვალე. მე ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვეთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც? რუსეთის გადაწყვეტილება, შეასუსტოს სანქციები საქართველოს მიმართ, შეიძლება თუ არა იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას?

შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა 15 ქართული კომპანიისთვის ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ერთობლივ მრავალწლიან ბრძოლად საერთო მისწრაფებებისთვის? ვერ ხედავთ, რომ ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა? მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის.

საქართველო, პირველ რიგში, ამაყი, უშიშარი და თავისუფლების მოყვარული ხალხია. ხალხი, რომელიც არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან. და თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო, არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან თქვენ თქვენი ხალხის ნაწილი ხართ”. – ამბობს სტეფანჩუკი.