შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს. ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა. შავგულიძემ პარტიის დატოვების მიზეზად შექმნილი არაჯანსაღი ვითარება დაასახელა.
„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“, – განაცხადა შავგულიძემ.
მან ბრიფინგზე განმარტა, რომ პარტია ერთხმად უჭერდა მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას, ასევე შეთანხმებული იყო საარჩევნო სიაც, თუმცა, შავგულიძის თქმით, მოულოდნელად გამგეობის უმრავლესობამ საარჩევნო სიაში მეორე ნომრად დაასახელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე.
„არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წელს გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე პარტიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის წევრების მოქმედებებზე.
პარტიის რიგებს ტოვებენ მისი ლიდერები: ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილი.
პარტიიდან წასვლის შემდეგ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში ამ ფორმით მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად წარადგინეს.
3 აგვისტოს დატოვა „თავისუფალი დემოკრატები“ ლევან სამუშიამაც. მან პარტიიდან წაოსვლის მიზეზზე არ ისაუბრა, თუმცა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს იყო მისთვის მძიმე გადაწყვეტილება და სამომავლოდ მაინც გააგრძელებს „ბრძოლას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. მოგვიანებით, სამუშია „ლელოში“ გაწევრდა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია.