შამუგია რუსეთთან ვაჭრობაზე: გარკვეული პროდუქტი შემოდის, გარკვეული გადის

პუბლიკა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტის მარაგებზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა შამუგიას საქართველოდან რუსეთში კონკრეტული პროდუქტების გატანაზე დაუსვა შეკითხვა.

  • გუშინ ჩვენ ვიყავით დეზერტირების ბაზარში, სადაც მოვაჭრეებმა და სატვირთოს მძღოლებმა დაგვიდასტურეს, რომ ხილი და ბოსტნეული გადის რუსეთში. ხართ თუ არა საქმის კურსში და იცოდით თუ არა ეს ფაქტი ?

მე არ მაქვს ინფორმაცია. ეს სიუჟეტი არ მინახავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს, დღევანდელი რეალობით, სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. შემოგვაქვს გარკვეული პროდუქტი – ხორბალი, ფქვილი და ა.შ. ეს არის ის რეალობა, რაც შეგვიძლია გითხრათ დღევანდელ ვითარებაზე.

  • არ გაგვაქვს პროდუქტი რუსეთში?

გარკვეული პროდუქტი შემოდის, გარკვეული გადის.

  • ეს ამ პირობებში ნორმალურია?

დღევანდელ რეალობასთან მიმართებით ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომელიც პრემიერმა მიიღო ამ საკითხებზე, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილია.