შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პუბლიკა

ავსტრალიის მოქალაქე მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა მოკლული ქალის ძმა ტაისონ ედვარდსი, რომელმაც სასამართლოს სიტყვით მიმართა. ოჯახი ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს, უვადო პატიმრობას, მოითხოვდა.

წინა პროცესზე, დასკვნით სიტყვაში რაფაელ მურსაკულოვმა ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა. მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა დასახელდა.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მურსაკულოვს „გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს“, რაც მის შერაცხადობას არ გამორიცხავს. პროკურორის ცნობით, „ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას აღენიშნებოდა, გარკვეულწილად, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს ის შერაცხადი იყო“.

გამოძიების ვერსიით, შანაი ბრუკს 13 ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. პროკურორის თქმით, მურსაკულოვმა დანაშაულის შესახებ ოჯახის წევრებს უთხრა, შემდეგ კი ძმის ცოლს პოლიციაში დასმენის შემთხვევაში შვილზე შურისძიებით დაემუქრა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი შარშან, 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

რაფაელ მურსაკულოვი ცხედრის პოვნის შემდეგ, მოგვიანებით დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა ყაჩაღობის  (თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), განზრახ მკვლელობის  (ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.