თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მისივე თქმით, მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული.
ბრალდებულის უფლებადამცველი სოფო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს და „მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დამრტყმელი და ძალიან გამაოგნებელი იყო.“
სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები არ არის, თუნდაც ის არ ჩანს სათვალთვალო კამერებში და არც მოწმეები ადასტურებენ რამეს. გოგლიჩიძის თქმით, ბრალდებულს არ ჰქონია დაზიანებული ხელი. მისი თქმით, მურსაკულოვს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ეს დამტკიცდება.
დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შსს-ს გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი.
„2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს.
მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.
ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.