შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ზ.ხ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ მათ განუსაზღვრა სასჯელის ზომა: არჩილ გაგნიძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; ნიკა რევაზიშვილის – 16 წლით; ვახტანგ ჩიქოვანს – 16 წლით; ა.ქ-ს და ზ.ხ-ს სასჯელის ზომას სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს.


პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, პროკურორს მათ ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე გიორგი შაქარაშვილის დედამ განაცხადა, რომ ხუთივე ბრალდებული „უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“.

ბრალდების მხარისა და გარდაცვლილის ოჯახისგან განსხვავებით, ბრალდებულთა ახლობლები და ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში იყვნენ. მათი თქმით, საქმეში ბრალეულობის მტკიცებულებები არ არის.


ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.