შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში სამმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა

პუბლიკა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებმა: ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკა რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ უარი განაცხადეს საქმის ნაფიცი მსაჯულების სასამართლოსთვის გადაცემაზე.

ადვოკატები ამბობენ, რომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი არ საჩივრდება, მათ კი სურთ, საჭიროების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სხვა ინსტაციებში და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ.

„გაგნიძემ, ასევე სხვა ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე განხილული ყოფილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმისა, სასამართლოს მიმართ გარკვეული ნდობა არ არის, ჩვენ შევაფასეთ რისკები, გვაქვს 3 ინსტანცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. აქედან გამომდინარე, მაინც ვენდეთ სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

„[ჩიქოვანს] უნდა, ბოლო ინსტანციამდე, თუ ეს საჭირო შეიქნება, დაადგინოს მისი სიმართლე, რომ მას ამ მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს“, – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა.

ეს შაქარაშვილის საქმის ბოლო წინასასამართლო სხდომაა, ამის შემდეგ საქმე არსებით განხილვაში გადაეცემა.


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და ორ არასრულწლოვანს (ა.ქ. და ზ.ხ.) – ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაუმძიმა.