შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტას“ მგზავრებისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებას ითხოვს

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც ნიკოლაძე ამბობს, დასკვნამ გამოკვეთა, რომ გიორგის ძალადობის შედეგად მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და გადააგდეს მდინარეში.

ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.

„ესენი არიან „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს, მათ შორის, გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს მძიმე შედეგი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში, ექვსივე მათგანთან.

თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, მაშინ ჩამოვყალიბდებით მტკიცებულების საფუძველზე. მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – ამბობს ნიკოლაძე.

რაც შეეხება „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრებს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, „ტოიოტას“ მისვლამდე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ნიკოლაძე ამბობს, რომ, ვინაიდან ისინი შემთხვევამდე გასცილდნენ ადგილს, ოჯახს ანალოგიური მოთხოვნა ვერ ექნება.

„თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შეიძლება ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საქმესაც“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ნიკოლაძე განმარტავს, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს პირებისთვის მუხლების წარდგენა.

„არასრულწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ვადა იყო, თუ არ ვცდები 40-დღიანი და დარჩენილია არა უმეტეს ორი კვირისა. შესაბამისად, ამ ვადაში უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა ყველა პირთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.


ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.