ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს – საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 1000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.
„დღეს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, შეფარდებული პატიმრობის ნაკლებად შემზღუდველი – გირაოთი შეცვლის შესახებ. სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
ჩხარტიშვილს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება გირაოთი და სასამართლომ მისი ოდენობა განსაზღვრა 1 000 ლარით.
რაც შეეხება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის საკითხს, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, გირაოს დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმე ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო და სასამართლომ ამ ნაწილშიც დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.
მისი განცხადებით, საბა ჩხარტიშვილს ბრალად აქვს შერაცხული 120-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენა (ვახო ჩიქოვანისა და ნ.ხ.-ს მიმართ ძალადობა), ამ მუხლებზე კი პარლამენტში მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი ვრცელდება.
„კანონის სახეს როდესაც მიიღებს ამნისტიის აქტი, ვფიქრობთ, მისი სიკეთე შეეხება საბა ჩხარტიშვილს. საქმის ცალკე წარმოების შემთხვევაში, საქმე გადაეცა სხვა მოსამართლეს, არსებითად განსახილველად და ამ პერიოდში თუ ამნისტიის აქტს მიიღებს პარლამენტი და მოაწერს ხელს პრეზიდენტი, შესაბამისად, ამ საკითხზე იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა შესაწყვეტი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ირაკლი წაქაძის უფლებადამცველი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც გირაოს თანხად 1000 ლარი განესაზღვრა და მისი საქმეც ცალკე წარმოებად გამოიყო.
„საქმეში აღარანაირი მტკიცებულება არ წარმოადგენდა საშიშროება, რომ რამე რისკი იქნებოდა მიმალვის, მტკიცებულების განადგურების… ეს მტკიცებულებები ბრალდების მხარის მხრიდან აღმოფხვრილი იყო. სისხლის სამართლის საქმეში სხვა არანაირი ისეთი მტკიცებულება არ მოიძებნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამე შესაბამისობაში მოეყვანა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული, რამაც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. რაც შეეხება საქმის გამოყოფას, ადვოკატი განმარტავს, რომ სამ ბრალდებულს უშუალოდ გიორგი შაქარაშვილთან პირადი შემხებლობა არ ჰქონია და, აქედან გამომდინარე, გამოიყო მათი საქმე.
„აგარაკის ეპიზოდზეა საუბარი. ბრალდება გახლავთ 126-ე და 120-ე მუხლი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა. [პროცესზე] უშუალოდ საუბარი იყო იმ მომენტზე, რამაც გამოიწვია კონფლიქტი, დაკონკრეტებული არ ყოფილა, რამ გამოიწვია შელაპარაკება“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქმეში საბურთალოელებად მოხსენიებულ ჩხარტიშვილს, გოგშელიძესა და წაქაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობას) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას) მუხლებს ედავება.
შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ცალკე განიხილავს 8 სრულწლოვანი პირის საქმეს. გამოძიება მათ ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ასევე გრძელდება განხილვა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში 5 პირის საქმეზე. ამ ნაწილში ბრალი წარდგენილი აქვთ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს; არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და აკაკი ქვრივიშვილს.
გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ნაწილში მსჯავრდებულ 6 პირს, რომლებიც ინციდენტის დროს არასრულწლოვნები იყვნენ, უკვე განსაზღვრული აქვთ პატიმრობის წლები.