შაქარაშვილის საქმე | არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს: ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომად 10 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.

მოსამართლემ  ბიძინა სტურუამ მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით კი სასჯელის 1/4 შეუმცირდათ. ისინი ციხეში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.

ა.ქ.-ს ადვოკატი მილერი ხარებავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამხილებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის. ის ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს, თუ საჭირო გახდება უზენაეს სასამართლოსაც მიმართავს და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსაც. მისი თქმით, სასამართლო განაჩენი ვარაუდებზეა დაფუძნებული.

ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არაკანონიერი და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, არ დასტურდებოდა შემხებლობა შაქარაშვილთან და ბრალად შერაცხულ ქმედებასთან. გელხაურის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ბიძინა სტურუასთვის მისი კარიერის წარმატების გზა იყო. მილერი ხარებავას მსგავსად, გიორგი გელხაური გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს და საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღებს.


9 მარტს გახდა ცნობილი ამავე საქმეზე მსჯავრდებული ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის სასჯელის სახე და ზომა – პატიმრობა 16 წლით.

ადვოკატები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ. მათი თქმით, განაჩენი არ არის დამყარებული მტკიცებულებებზე და მოსამართლე მოექცა საზოგადოების აზრის ზეგავლენის ქვეშ. მათ ისიც თქვეს, რომ „ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა სტურუამ იყიდა ადგილი უზენაეს სასამართლოში“.


შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.