შაქარაშვილის საქმე | დაცვის მხარე დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

პუბლიკა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ნაწილში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 პირი, რომელიც ინციდენტის დროს არასრულწლოვანი იყო, დამნაშავედ ცნო.

საქმის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის წარდგენილი ბრალდება. ამის საფუძველი, მისი თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობა გახდა, რომელიც „აშკარა და დამაჯერებელი“ იყო ყველა ბრალდებულის მიმართ.

„ეს იყო მოწმეთა ჩვენებები, დაზარალებულის ჩვენებები, გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანის, გიორგი ქათამაძის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები… კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და ბრალდებულების ახლობლების და მეგობრების: ანა გაბეჩავას, სალომე ჭკადუას, ეთერ ხოშტარიას, ვანო თეგაძის ჩვენებები… საქმეში  ასევე წარმოდგენილი იყო სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ათობით ზარზე არის საუბარი“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურისგან განსხვავებით, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეში არ ყოფილა ბრალდების დამადასტურებელი რამე მტკიცებულება და, მათი აზრით, მოსამართლე საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა. ისინი გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„დღევანდელ დღეს აღსრულდა ის სცენარი, რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღევანდელ დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები ამ საქმეში არც ერთი ბრალდებულის მიმართ, არც ერთ ეპიზოდში.

მოსამართლე მოექცა იმ მცდარი საზოგადოებრივი აზრის მარწუხებში, რაც შექმნა პროკურატურამ. ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა შერმადინის ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა, რომელიც გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აკაკი ქვრივიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში სხვა მტკიცებულება არ არის, გარდა გური ამირხანაშვილის ჩვენებისა, ეს ჩვენება კი, მისი მტკიცებით, არასანდოა.

„აშკარად ვიღაცამ რომ დაატანა ძალა და ძალით ათქმევინეს, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იყო, აშკარად ჩანს“, – ცხადებს მილერი ხარებავა.

ადვოკატი როსტომ კერესელიძე, რომელიც გიორგი მერაბიშვილის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

„იმდენად უკანონო განაჩენია, იურისტიც არ უნდა იყო, რომ საქმეში მთელი მტკიცებულებები წაიკითხო და დაადგინო, რომ ბრალდებული პირები არ არიან უდანაშაულოები, განსაკუთრებით, გიორგი მერაბიშვილი, თუმცა მოსამართლემ გუშინ წინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და 2 დღეში გამოაცხადა განაჩენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა მოსამართლეს, ედო უბრალოდ კარადაში, გადმოიღო დღეს და გამოაცხადა“, – აცხადებს ადვოკატი.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს უფლებადამცველი მურმან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მოისმინეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სასამართლოს განაჩენი.

ადვოკატი არჩილ ბერიანიძე, რომელიც ნიკა ცუცქირიძეს იცავს, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„წარმოდგენა არ მაქვს, რით შეიძლება დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება აღნიშნულ განაჩენში მოსამართლემ. გამოძიების დაწყების დღიდან ვამბობთ, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ეს არამხოლოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, არამედ, მთლიანად სისხლის სამართლის პოლიტიკას უქმნის მომავალში საფრთხეს“, – განაცხადა ადვოკატმა.


სახელმწიფო ბრალდება 6 პირს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ძალადობას ედავებოდა.

კერძოდ:

3 პირს – ნიკა ცუცქირიძეს, ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილს – ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;

1 პირს – ნიკოლოზ ქანაშვილს – ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

2 პირს – ზ.ხ. და აკაკი ქვრივიშვილს – ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, თუმცა სასჯელის ზომა შემდეგ პროცესზე გამოცხადდება.