საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებიც განცხადებას ავრცელებს. პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომა 1 თვით გადაიდოს.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი. ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თუმცა, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლის შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება მოხდება.