შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ ბრიფინგი გამართა.
უწყების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგინდა:
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
კერძოდ:
2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.
გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
გამოძიების კვალიფიკაცია:
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
► უწყების განცხადებით, 3 პირი – ს.ჩ., ს.გ. და ი.წ. დაკავებული არიან
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს – ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მერი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
► სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებულია 3 პირი – ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ., რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას;
► სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ;
► სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია 4 პირი – ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; მუხლი ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას;
► 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებულია 5 პირი – ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ. მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას.