შაქარაშვილის საქმე | სასამართლომ 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ნაწილში 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კერძოდ:

3 პირს – ნიკა ცუცქირიძეს, ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილს – ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;

1 პირს – ნიკოლოზ ქანაშვილს – ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

2 პირს – ზ.ხ. და აკაკი ქვრივიშვილს – ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, თუმცა სასჯელის ზომა შემდეგ პროცესზე გამოცხადდება.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის საქმე (17 პირზე), მათგან 5 პირს ბრალი ასევე წაყენებული აქვს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე.

სასამართლო ცალკე განიხილავს 11 სრულწოვანი პირის საქმეს. „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს;  მერსედესის“ მგზავრებს: თენგიზ ბარბაქაძეს, გიგა ტატიაშვილს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს და ე.წ. აგარაკის ეპიზოდში მონაწილე პირებს, რომლებიც საქმეში საბურთალოელებად მოიხსენიებიან: საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ასევე გრძელდება განხილვა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში 5 პირის საქმეზე. ამ ნაწილში ბრალი წარდგენილი აქვთ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს; არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს.