შაქარაშვილის საქმე | სასამართლომ 6 მსჯავრდებულს პატიმრობის წლები განუსაზღვრა

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ნაწილში მსჯავრდებულ 6 პირს, რომლებიც ინციდენტის დროს არასრულწლოვანები იყვნენ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომა დაუდგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს სხდომას ესწრებოდა, იტყობინება რომ:

3 პირს – ნიკა ცუცქირიძეს, ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის საქმეში 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

1 პირს – ნიკოლოზ ქანაშვილს, რომელიც მსჯავრდებულია  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

2 პირს – ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობაში, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებულებს თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

არასრულწლოვნების საქმიდან გამომდინარე სასამართლო სხდომები მედიისთვის სრულად დახურული იყო.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის საქმე (17 პირზე), მათგან 5 პირს ბრალი ასევე წაყენებული აქვს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე.

სასამართლო ცალკე განიხილავს 11 სრულწლოვანი პირის საქმეს. „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს;  მერსედესის“ მგზავრებს: თენგიზ ბარბაქაძეს, გიგა ტატიაშვილს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს და ე.წ. აგარაკის ეპიზოდში მონაწილე პირებს, რომლებიც საქმეში საბურთალოელებად მოიხსენიებიან: საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ასევე გრძელდება განხილვა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში 5 პირის საქმეზე. ამ ნაწილში ბრალი წარდგენილი აქვთ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს; არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და აკაკი ქვრივიშვილს.