გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პროკურორმა განაცხადა, რომ სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა გუშინ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობს და ბრალდებულის მთავარი მოთხოვნაა სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ.
ადვოკატმა გიორგი გელხაურმა დღეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზ.ხ-სთან ერთად შიმშილობს ასევე ბრალდებული არასრულწლოვნები ლ.შ. და ა.ქ.
გიორგი შაქარაშვილის საქმზე დღეს მეორე სასამართლო სხდომა გაიმართა. ხვალიდან უკვე იწყება მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.