შაქარაშვილის საქმე | ვახტანგ ჩიქოვანისა და ნ.ხ-ს მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამ ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილმა ვახტანგ ჩიქოვანმა სიტყვიერი თანხმობა გასცა. შესაბამისად, მოსამართლემ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

წაქაძის, გოგშელიძისა და ჩხარტიშვილის წინა სასამართლო პროცესი 2021 წლის 11 იანვარს გაიმართა, რომელზეც ბრალდებულები მოსამართლემ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

შაქარაშვილის საქმეში საბურთალოელებად მოხსენიებულ ჩხარტიშვილს, გოგშელიძესა და წაქაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობას) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას) მუხლებს ედავებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი“, – აცხადებდა პროკურატურა.